1830 წელს გრიგოლ დადიანი აგებს ზუგდიდის ვლაქერნის სახელობის ღვთისმშობლის ეკლესიას, რომელიც განსაკუთრებულ ხიბლს აძლევს ზუგდიდს. მთავარს გასჩენია იდეა, რომ ტაძრის მიმდებარე ტერიტორია და შემდეგში ქალაქიც  გრიგოლოპოლად ყოფილიყო წოდებული. ამისთვის იმპერატორისთვისაც მიუმართავს, თუმცა მას შემოუთვლია, რომ ზუგდიდი ჭაობისა  და ხავსის სამფლობელოა და მაშინღა ეწოდებოდა სახელი, როცა ის აშენდებოდა.
დავითის დროს ზუგდიდი „მ,აზრად“ გადაკეთდა. მაზრის მდივანბეგები იყვნენ თეიმურაზ აგიაშვილი, კაცია ჩიჩუა და დუტუ დადიანი. 1851 წელს ზუგდიდის მოსახლეობა 2000–ს შეადგენდა.1848 წელს ზუგდიდში აბრეშუმის ძაფსახვევი ქარხანა აშენდა, რომელიც პისრველი სამრეწველო საწარმო იყო სამეგრელოში.

1850 წელს ზუგდიდში არყის სახდელი ქარხანა აშენდა. დავით დადიანის სახელთან არის დაკავშირებული კულტურული ფუნქციის განვითარება: 1844–45 წლებში ბიბლიოთეკის დაარსება, სადაც დაცული იყო საქართველოს უძველესი ხელნაწერი და ნაბეჭდი წიგნები. ბიბლიოთეკაში წარმოდგენილი იყო თავისებური ლიტერატურული სალონი, სადაც იკრიბებოდნენ ალ.ჭავჭავაძე, გ.ორბელიანი, პ.იოსელიანი, გ.დადიანი და სხვები.
ზუგდიდი გარდა იმისა, რომ სამთავროს სატახტო იყო, სამაზრო ცენტრსაც წარმოადგენდა. ამ დროიდან იწყება ზუგდიდის აღორძინება და გაქალაქება, ის მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად იქცა მომრავლებული ვაჭრებისა და ხელოსნების დუქნებით დამშვენებული. საფუძველი ჩაეყარა აგრეთვე მრეწველობას,. 1848 წელს გრაფ როზმორდიუკმა (საფრანგეთის თბილისელი კონსულის შვილი) და უფლისწულმა კონსტანტინე დადიანმა დაარსეს მეაბრეშუმეობის გამავრცელებელი საზოგადოება და აბრეშუმის ძაფსახვევი ფაბრიკა, რომელმაც 1863 წლამდე იარსება.
როზმორდიუკმა ფაბრიკის აღსაჭურვად ორთქლის მანქანა და სხვა საჭირო დანადგარები საფრანგეთიდან ჩამოიტანა, ამასთან ჩამოიყვანა ამ საქმის მცოდნე ორი ფრანგი ქალი (მარი და სიუზეტი), რომლებმაც თავიანთი ხელობა ადგილობრივ მცხოვრებ ქალებსაც შეასწავლეს. პირველსავე წელს დამზადებული 13 ფუთი აბრეშუმის ძაფი საფრანგეთში გაიყიდა 3250 მანეთად. 1852 წელს, მოსკოვის გამოფენაზე ზუგდიდის აბრეშუმსახვევი საწარმოს პროდუქტმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. 1850 წელს დაარსდა არყის სახდელი ქარხანა, დაახლოებით ამ პერიოდში ასევე აგურის მწარმოებელი ქარხანა.
ზუგდიდი ხელოსნობის მნიშვნელოვან ცენტრსაც წარმოადგენდა. მთელს საქართველოში განთქმული იყო ზუგდიდელ ოქრომჭედელთა, მეუნაგირეთა და სხვა საქმის ხელოსანთა ნამუშევრები. 1845 წლის მონაცემებით ზუგდიდში ცხოვრობდა 55 ხელოსანი.